“ოპოზიცია არ არსებობს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების ხელშია. მისი შეფასებით, გარიგება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირდება.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ეს თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმა იციან. რომ ჰკითხო, თვალს გიკრავენ, რომც არ დაგიდასტუროს ვინმემ. ამ წუთას „ქართული ოცნების“ ხელშია „ნაცმოძრაობა“, – აცხადებს ხვიჩია.

რაც შეეხება გარიგების თემას, ხვიჩია თვლის, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

„ერთადერთი საღი აზრი და ლოგიკა, რაც შეიძლება ამაში იდოს, არის ის, რომ სანაცვლოდ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ლოგიკა არ დევს და მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, გამოდის, რომ მას ისე „დაახიეს“ პარტია, რომ აღარც უშვებენ გარეთ. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნება“ ნებისმიერ თამაშს მოუგებს. ამიტომ, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ ცოტა მოღონიერება, იმიტომ, რომ უბრალოდ სასაცილო გახდა. ოდნავ მიაწვა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ სასაცილოდ იქცა“, – აცხადებს ხვიჩია.

 

მსგავსი თემები