ერთ დღეში, რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოვლინდა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 521 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 41 პირი დააჯარიმა.

„დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 371 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 109 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები