“პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეჩერებულიყო”- სამინისტრო

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა.

“დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიიწვიეს სტრატეგიული პარტნიორობისა აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. რაზეც ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

 

მსგავსი თემები