ტოტალიზატორში ათასობით საბიუჯეტო თანხის გადარიცხვისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბუღალტერი დააკავეს

სუს-ი ადასტურებს ინფორმაციას, გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის დაკავების შესახებ. საუბარია 143 985,13 ლარზე, რომელიც წლების განმავლობაში ბუღალტერმა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ტოტალიზატორებში გადარიცხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს „თიბისი ბანკში“ და სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტ ტოტალიზატორებში.

ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდგომაც მოსალოდნელია მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ბუღალტრის დაკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ის აღნიშნულ ოპერაციას ისე ასრულებდა, რომ წლების განმავლობაშ ვერავინ გაიგო, სად ირიცხებოდა საბიუჯეტო თანხა.

 

მსგავსი თემები