ვფიქრობ, რეზინის ტყვია, მხედველობა წესით არ მაქვს დაკარგული – აქციაზე დაშავებული

,,ვფიქრობ, რომ რეზინის ტყვია იყო, ისეთი ძალით და ისეთი ინერციით მომხვდა პირდაპირ სახეში” – ამის შესახებ აქციაზე დაშავებულმა ნიკა დემურიშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ ღამეს თვალის დაზიანება მიიღო. მისი თქმით, მხედველობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აღენიშნება სისხლჩაქცევები და ჰემატომები.

,,გაზის საწინააღმდეგო ნიღაბი მქონდა, რის გამოც ცრემლსადენი გაზიდან გამომყავდა ხალხი და ვეხმარებოდი, ფიზიოლოგიურს ვასხამდი და ა.შ. რამდენიმე ადამიანი რომ გამოვიყვანე შევბრუნდი, რომ ვინმეს დავხმარებოდი და მაგ მომენტში რაღაც მომხვდა თვალში. სავარაუდოდ, ან რეზინის ტყვია იყო ან გაზის ბალონი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ძალით მომხვდა. მე ვფიქრობ, რომ რეზინის ტყვია იყო იმიტომ, რომ ისეთი ძალით და ისეთი ინერციით მომხვდა, რომ გზის ბალონი, რომ ყოფილიყო მაშინ ზემოდან უნდა დამცემოდა და ეს პირდაპირ სახეში მომხვდა. ისეთი ტკივილი დამეწყო, ღრიალი დავიწყე და როგორც კი მომხვდა ეს რაღაც ეგრევე ჩამავლეს ხელი და წამიყვანეს სასწრაფოსთან ბიჭებმა.

მხედველობა წესით არ მაქვს დაკარგული, თვალის ფუძე მაქვს მოტეხილი, მაგრამ საგანგაშო ჯერჯერობით არაფერი არისო, სისხლჩაქცევები მაქვს, ჰემატომა მაქვს თვალის გარშემო ყველგან დასიებები, ჩალურჯებები, ნახეთქები, მხედველობა არ დამიკარგავს წესით,” – ამბობს დემურიშვილი, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა.

მსგავსი თემები