,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში ეჭვმიტანილებს პატიმრობა შეუფარდეს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მოსკოვის გარეუბანში ,,კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ოთხი პირს – დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდეს, შამსიდინ ფარიდუნის და მუჰამადსობირ ფაიზოვს.

ოთხივე დაკავებული ტაჯიკეთიდანაა, რუსეთში ისინი დროებითი ან ვადაგასული ვიზებით იმყოფებოდნენ. რუსული სახელმწიფო მედია TASS ამბობს, რომ სამმა ყველა ბრალდება აღიარა. მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ბრალდებულები სასამართლოში ცალ-ცალკე მიიყვანეს, მათ სხეულზე ცემის კვალი აღენიშნებოდათ, ფაიზოვი სასამართლოში ეტლით გადაიყვანეს, რაჩაბალიზოდე თავშეხვებული. ერთი დღით ადრე რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, ასახული იყო მუროდალის თავდაპირველი დაკითხვა, რა დროსაც მას ყური მოაჭრეს.

ტერაქტს სულ მცირე 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშია. იდენტიფიცირებულია 62 ადამიანის ცხედარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე ISIS-იმ აიღო.

მსგავსი თემები