საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის გამო რესპუბლიკის მოედანზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება

თბილისის მერიის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, 21 მარტს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა.

შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს.

  • რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით.
  • ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომანქანები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მერიის ცნობით, იმოძრავებს:

  • N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.
  • N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.

 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე”, გამართავს.

ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მიღებული ბარათები (კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩში მიიღო მესამე გაფრთხილება) გავლენას მოახდენდა პლეი-ოფზე, რომელზეც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შედეგად მოხვდა.

ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო პლეი-ოფის ფინალურ მატჩში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს, 26 მარტს „დინამო არენაზე” შეხვდება. გამარჯვებული ეროვნული ნაკრები გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მსგავსი თემები