რესპუბლიკური საავადმყოფო არ დაინგრევა – პრემიერ-მინისტრის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტიებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნგრევა და თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი შეჩერებულია. დღეს პრემიერ-მინისტრი ორივე მხარეს – ჯანდაცვის სამინისტროსა და საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა და  გადაწყვეტილებაც მიიღო.

„უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს ალტერნატიულ პროექტზე. როგორც მოგეხსენებათ არსებული პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიის, არსებული შენობის დემონტაჟის საფუძველზე, საინვესტიციოდ გამოყენებას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია მოგვიანებით გამოყენებულიყო საინვესტიციო მიზნებისთვის.

ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე 2007 წელს, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი არსებული შენობის მშენებლობა უკანა ტერიტორიაზე, ანუ იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტი, კიდევ ერთხელ წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, დაიგეგმება პროცესი და მომზადდება წინადადებები, რომ განხორციელდეს უკანა ტერიტორიაზე საავადმყოფოს მშენებლობა და წინა ტერიტორია გამოყენებული იყოს საინვესტიციო მიზნებისთვის.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდება ექიმების, პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას, ჩვენ მოვამზადებთ უახლოეს თვეებში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება თუ როგორ გაგრძელდება პროცესი, ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გვჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის შესაბამის, სათანადო მდგომარეობაში. ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა, მანამდე ახალი ვერსია მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას. მიღებული იქნება ზომები რომ გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

მსგავსი თემები