ისტორიაში პირველად, UFC-ში ქართველი ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს

ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება.

ბრძოლის წინ 27 წლის ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც მან საკუთარ უპირატესობაზე დამაჯერებლად ისაუბრა:

„ამ ბრძოლისთვის ისე ვემზადებოდი, როგორც ყოველთვის ხდება. მძიმე დაპირისპირებისთვის მზად ვარ, თავს კარგად ვგრძნობ და 17 თებერვალს (თბილისის დროით 18 თებერვალს) გავიმარჯვებ.

თითოეულ ასპექტში მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ. ის UFC-ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ყველას სამუდამოდ ემახსოვრება, ის დიდებული ჩემპიონი იყო.

ამ დაპირისპირებაში პირველივე რაუნდში ნოკაუტით გავიმარჯვებ. ახლა იმაზე არ ვფიქრობ, რომ აქამდე წაუგებლად მოვედი, ეს ჩემზე არ მოქმედებს. ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი თავის ნდობას არასდროს დავკარგავ. ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, იმით, რაც მაქვს და ამ ბრძოლის შემდეგაც ეს ასე იქნება.

გამარჯვების შემდეგ UFC-ის ისტორიაში ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონის სახელით შევალ. ისე დამიმახსოვრებენ, როგორც ეს ჟოზე ალდოს, კონორ მაკგრეგორისა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შემთხვევაში მოხდა.

რამდენიმე წლის წინ აქ, ანაჰეიმში უნდა მებრძოლა, თუმცა მაშინ წონის კლებასთან დაკავშირებით პრობლემა მქონდა და ოქტაგონზე ვერ გავედი. მას შემდეგ ბევრი რამ ვისწავლე, ახლა წონის კლება იდეალურად მიმდინარეობს. აქ დაბრუნება ბევრს ნიშნავს, რადგან ცუდი გამოცდილება მქონდა, ახლა კი შემიძლია, ჩემპიონი გავხდე“, – განაცხადა ილია თოფურიამ.

ილია თოფურია MMA-ის კარიერაში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, მან 14 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა 26-ჯერ გაიმარჯვა და სამჯერ დამარცხდა, თუმცა UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ჯერ მარცხი არ აქვს და ქამრის დაცვა ხუთჯერ მოახერხა.

18 თებერვალს სუპერმსუბუქ წონაში ასევე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილი, მისი მეტოქე UFC-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედალოსანი ჰენრი სეხუდოა. მერაბი ბრძოლას ზედიზედ ცხრა გამარჯვებით ხვდება და თუ კვლავ მოიგებს, დიდი ალბათობით, მისი შემდეგი დაპირისპირება საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

ბრძოლა, თბილისის დროით 18 თებერვალს, 07: 00 – ზე გაიმართება.

 

 

მსგავსი თემები