„ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებელი პუტინია.

„ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. ამის საპასუხოდ, პუტინმა მოწამლა, დააპატიმრა და შეთითხნილი დანაშაულებისთვის დასჯა…

მას შეეძლო უსაფრთხოდ ეცხოვრა ემიგრაციაში 2020 წელს მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. სანაცვლოდ, ის დაბრუნდა რუსეთში – იცოდა, რომ სავარაუდოდ დააპატიმრებდნენ, მოკლავდნენ, თუ გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა იმიტომ, რომ ძალიან ღრმად სწამდა თავისი ქვეყნის, რუსეთის” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისივე თქმით, ახლა დროა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის დახმარება, რომელიც აგრძელებს რუსეთთან დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, რომ 47 წლის ასაკში, ალექსეი ნავალნი დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ ნავალნის სიკვდილის მიზეზი თრომბია. მსოფლიო ლიდერების დიდი ნაწილი რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებაში პუტინს ადანაშაულებენ.

მსგავსი თემები