,,ერთი ოჯახიდან მამა, ტყუპი გოგოები და ბიჭი, დედა წასულია საზღვარგარეთ” – ბაღდათში დაკარგულებს ისევ ეძებენ

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით იპოვეს ოთხი ადამიანის ცხედარი, ეძებენ ხუთ ადამიანს. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მათ შორის, ვისაც ეძებენ, არის მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. კიდევ ერთი ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ დაღუპულებს შორისაა 20 წლის გოგო და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი.

,,ოჯახია ჩემი ერთი, დაღუპულია დედამთილი, რძალი და მაზლის შვილი, 20 წლის გოგო, სტუდენტი. მეორე ოჯახი არის ბიძაშვილები, დაღუპულები არიან იქ მამა და სამი შვილი, ტყუპები არიან გოგოები 15 წლისები. მესამე ოჯახში დედა-შვილი არიან”, – ყვება კიდევ ერთი ადგილობრივი.

ამ დროისთვის, მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. სტიქიის ზონაში მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე კინოლოგთა ჯგუფები. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

მსგავსი თემები