“მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს” – მაია ცქიტიშვილი

“მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს და პირველ რიგში, მათ შორის გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებშიც, ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, სურსათისა და სამედიცონო პროდუქტების მომარაგებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არანაირი შეფერხება არ არსებობს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზომების გამკაცრებაზე, ძალიან ხშირად მაშინვე ვნახულობთ ხოლმე ძალიან აქტიურ გაყიდვებს და შესყიდვებს ჩვენს მაღაზიებში. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა დარწმუნებულიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სამედიცინო პროდუქციასთან, სხვა საჭირო და აუცილებელ პროდუქციასთან მიმართებაში, არ გვაქვს არანაირი შეფერხება მომარაგებაში. ეს გაგრძელდება კვლავ. ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვქონდეს მათ შორის ერთგვარი ნდობაც მთავრობის მიმართ, როდესაც თქვენ ხედავთ უკვე და არაერთხელ შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით იმაში, რომ ჩვენი მაღაზიების თაროები არ არის ცარიელი და თუ ცარიელდება, მაშინვე ივსება. მოდით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ მივაწყდეთ ისევ მაღაზიებს და პირველ რიგში, მათ შორის გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასაც, რადგან სასურსათო მაღაზიების რიგებშიც, ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ასევე ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

მსგავსი თემები