„სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს უკრაინიზაცია“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების მიზანი, „საქართველოს უკრაინიზაცია” იყო.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, ცნობილი იყო, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა.

„იმ დროისთვის, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი განსაზღვრულ დროში აუცილებლად დაიწყებოდა. მე პირადად მქონდა კომუნიკაცია უკრაინის რადას წარმომადგენლებთან და ისინი ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ თავად ჰქონდათ ომის დაწყების მოლოდინი. შესაბამისად, იმ დროისთვის უკვე მომწიფებული იყო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ომი იყო მოსალოდნელი. ამ კონტექსტში ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში. მის არალეგალურად ჩამოყვანაში ჩართულები იყვნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც სხვადასხვა თანამდებობაზე. ამიტომ, ეს ყველაფერი ქმნის გარკვეულ ვარაუდების საფუძველს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს უკრაინიზაცია” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები