ომბუდსმენის წარმომადგენლებმა კეკელიძეზე დაკავებულები მოინახულეს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს.

,,17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში, ხელწერილით გაათავისუფლეს).

ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ.

ექვსივე პირის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

გარდა დაკავების დროს ძალის შესაძლო გადამეტების საკითხისა, აქციის ორმა მონაწილემ მიუთითა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზეც, ასევე სამმა პირმა განაცხადა, რომ არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და მათი უფლებების შესახებ არ მიაწოდეს ინფორმაცია”, – აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც მიმართავს შესაბამის უწყებებს შემდგომი რეაგირების მიზნით და გააგრძელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს.

მსგავსი თემები