ირანში მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ირანში მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაკავებული ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

31 წლის ნილუფარ ჰამედი და 36 წლის ელაჰ მოჰამედი 200 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ და ქვეყნიდან გასვლის უფლების აკრძალვით გაათავისუფლეს. ჟურნალისტი ქალები პატიმრობას ასაჩივრებენ და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე ციხის გარეთ დარჩებიან.

ნილუფარ ჰამედი რეფორმისტულ გაზეთ Shargh-ში მუშაობდა, მან მაჰსა ამინის მამა და ბებია ჩახუტებულები გადაიღო მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მათი ქალიშვილი გარდაიცვალა და ინტერნეტში გამოაქვეყნა წარწერით: “გლოვის შავი კაბა ჩვენი ეროვნული დროშა გახდა”.

ელაჰ მოჰამედიც რეფორმისტულ გაზეთ Ham-Mihan-ში მუშაობდა, მან ამინის დაკრძალვის შესახებ დაწერა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მაჰსა ამინი გასული წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც “მორალის პოლიციამ” დააკავა ისლამური რესპუბლიკის სავალდებულო ჩაცმულობის კოდექსის სავარაუდო დარღვევისთვის. მის გარდაცვალებას მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლება ხშირად ძალადობრივად შლიდა.

ჟურნალისტები საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე დააკავეს და 13 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მსგავსი თემები