,,მხნეობა და გამძლეობა აღარ მისურვოთ… მისურვეთ, ეს საქმე მალე დასრულდეს და სამართალი აღსრულდეს”- ნიკო კვარაცხელიას დედა

,,მხნეობა და გამძლეობა აღარ მისურვოთ, მადლობელი ვარ, თითოეული თქვენთაგანის… მისურვეთ რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე დასრულდეს და სამართალი აღსრულდეს”  – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე წერს.

,,ნიკოლოზობის ბრწყინვალე დღესასწაული დგება, ყველაფერს გავცემდით ერთად რომ ვიყოთ. შენც ჩემო ბიჭო ვიცი ახლა ადგილს ვერ პოულობ ისე გინდა ჩვენთან, მაგრამ რეალობაა რომ არც შენ და არც ჩვენ არაფერი შეგვიძლია დროის უკან დასაბრუნებლად, ეს დიდი ბოროტება, სამყაროში უბოროტესმა ადამიანმა მოიფიქრა და ასე განგვაშორა ერთმანეთს, მას მერე სულში ვკივით, მაგრამ ამაოდ!

უსაშველო ტკივილი ხარ შვილო!!!

არც კი ვიცი ამ ტკივილს რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრდება როგორ ვუმკლავდებით, მაგრამ ვახერხებთ, უფლის, წმინდა ნიკოლოზის და შენი უსაზღვროდ დიდი პოზიტიური ენერგიის წყალობით, რომლითაც ყველაში შეიჭერი!

ასეთი სიბოროტის შემხედვარე რასაც ამ ქვეყანაში ვხედავ დაბნეული ვკითხულობ და პასუხს ისევ თავად ვცემ, “ალბათ ღმერთმა განგარიდა ამ უსამართლობას ან ბოროტმა სულმა შენი სიკაშკაშე ვერ დაითმინა! (ალბათ უკანასკნელი) ამ ქვეყანაში გამყიდველობა და ღირსება უკვე ერთი ვერცხლი ღირს, რუსული ჩექმა კი უფასოა…

გაივლის ესეც შვილო ალბათ, ბერბიჭაშვილი ვეღარ იბიჭებს, ილია კი სულ ილია იქნება…

საქმის ბოლომდე მიყვანის ნაცვლად, შენს დედას ზღაპრებს უყვებიან ნიკო, ის კი არ იციან ყველა ზღაპრის, მანკიერი გმირი, ბავშვობაშივე ჩამოვაშიშვლეთ და იქ ჩავტოვეთ, ასე ჩამოეხსნებათ ამათაც ნიღბები და კომედიაც დასრულდება…

და პერსონები ვინც არ მიიყვანა ბოლომდე შენი და მრავალი ახალგაზრდის მკვლელობის საქმე საჯიჯგნად დარჩება თაობებს, ისე როგორც დღეს ვჯიჯგნით სერგო ორჯონიკიძის სახელს…

მე კი მანამდე შენ რომ გაგიხარდება ისე ვიბრძვი, ვიბრძვი, ვიღაც იცინის და ღრეობს, მაგრამ ვიბრძვი მე მაინც!!!

“ვლოცულობ და მძულხარ ცრემლო,
შენ მიქციე ყოფნა მწუხრად,
ნაცრად იქეც – საქართველომ
თუკი ახლაც დაიმუხლა.
ღამეა და ვდგავარ ცივად,
ქარებს მოაქვთ ხმა ვედრების,
სთქვი მამულო! – სადა გტკივა
წყლულზე წამლად დაგედები.
თქვი და, თუნდაც ჩემს ცრემლიან
თვალებს შერჩეთ ფერი კეთრის,
საქართველოვ, არ გრცხვენია?!
ღმერთის, შემოგევლე, ღმერთის…
ტარიელ ხარხელაური

საქართველოს პროკურატურა, არ გრცხვენია ან არ გეშინია ღმერთის, ღმერთის, ღმერთის!!!

P.S. მეგობრებო მხნეობა და გამძლეობა აღარ მისურვოთ, მადლობელი ვარ, თვითეული თქვენთაგანის.. მისურვეთ რომ ეს საქმე რაც შეიძლება მალე დასრულდეს და სამართალი აღსრულდეს.

თქვენ კი ნიკოლოზობას გილოცავთ, წმინდა ნიკოლოზი იყოს თქვენი მფარველი, განგვარიდოს ბოროტი და სასწაულებით და სიხარულით აღსავსე ცხოვრება მოგმადლოთ” – წერს იზა ომაძე.

მსგავსი თემები