ინალ არძინბამ პროექტები აკრძალა, რომელთა მიზანი ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტების დამყარებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გაეროს სააგენტოებთან დაკავშირებულ აკრძალვებზე განცხადება გააკეთა. არძინბამ პერსონა ნონ-გრატად USAID -ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი გამოაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ USAID-ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული პროექტი უნდა განეხორციელებინა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კითხვარი მიიღო, არძინბა ამბობს, რომ ის “პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიზანმიმართულად ბუნდოვან ფორმულირებებს” შეიცავდა.

,,ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს გამოიკვეთა დიალოგის პლატფორმების შექმნა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში, რათა დამყარებულიყო პირდაპირი კონტაქტი აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მათ შორის ლტოლვილებს შორის. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გამოქვეყნებულია აშშ-ის სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

დე ფაქტო საგარეო უწყებისს გადაწყვეტილებით: “აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება”.

მსგავსი თემები