რუსეთში, 4 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმარი გაათავისუფლეს და ომში გაიწვიეს

რუსეთში, სახალინის რეგიონში, ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული დენის გორინი გაათავისუფლეს და უკრაინის წინააღმდეგ ომში წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Сахалин против войны ავრცელებს.

გორინის მეზობლების ინფორმაციით, ის ახლა იუჟნა-სახალინის საავადმყოფოშია მოთავსებული და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა სად და რა ვითარებაში დაშავდა, უცნობია.

,,ჩათვალეთ, თავისუფალია, შეწყალებული. სასჯელის ნახევარი უმიზეზოდ შეუმცირეს”, – ამბობს მეზობელი.

ცნობისთვის, გორინი თავდაპირველად 2003 წელს მკვლელობისთვის და გარდაცვლილის სხეულის შეურაცხყოფისთვის დააკავეს. მას მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში 10 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა, 7 წელიწადში “კარგი ყოფაქცევისთვის” გაათავისუფლეს.

2012 წლის ზაფხულში, გამოძიებამ, გორინის მიერ ჩადენილი სულ მცირე 4 მკვლელობა გახსნა. ერთ-ერთი მათგანი იყო 2010 წელს ჩადენილი დანაშაული, როდესაც ბოროტმოქმედმა კაცი მოკლა, შემდეგ დაანაწევრა, საყინულეში შეინახა და მოგვიანებით შეჭამა. სასამართლომ გორინს 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ერთი თვის შემდეგ, გორინის Facebook გვერდზე ახალი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც იგი სამხედრო უნიფორმაშია გამოწყობილი, ხელზე კი რუსული ომის სიმბოლო – Z აქვს გამოსახული.

მსგავსი თემები