მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია – ზურაბიშვილი

მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა RFI ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს:

,,შეკითხვა: ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან, ,,ქართული ოცნების“ მთავრობისგან ელოდება, რომ მან შეაჩეროს რუსეთის მიმართ ევროპული სანქციების გვერდის ავლა, პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაცია – რთული სიტყვაა, რომელიც ეხება ყველაფრისშემძლე ოლიგარქ მილიარდერებს თქვენთან და განსაკუთრებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პარტია ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. ფიქრობთ, რომ საქართველოს შეუძლია გათავისუფლდეს ამგვარი ძალებისგან?

სალომე ზურაბიშვილი: დიახ. დიახ და ჩვენ შევდივართ ამ ფაზაში. ვფიქრობ, ეს იყო გათვალისწინებული კომისიაში გადაწყვეტილებების მიმღებების მიერ. წინასაარჩევნო ფაზაში ვართ, 2024 წელი იქნება დიდი საარჩევნო წელი, არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში. სტატუსი, რომელსაც იმედია დეკემბერში მივიღებთ, მოტივაციას მისცემს მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ აიღონ ჩემოდნები და ემიგრაციაში წავიდნენ, რაც მსგავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იმედგაცრუების რისკია, რადგან ფიქრობენ, რომ არაფრის იმედი აღარაა. ახლა იმედი დაბრუნდა, ჩვენ მოვემზადებით და საჭიროა, რომ ევროპამ ახლოდან ადევნოს თვალყური დამკვირვებლებით, განსაკუთრებული ყურადღებით და ჩართულობით, მათ შორის ეკონომიკური, რადგან ყველამ იგრძნოს, რომ არ ვართ მარტო ამ საარჩევნო წელს და მე ვამჩნევ და მსიამოვნებს, რომ ამ ბოლო დღეებსა და კვირებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში ხელისუფლების, მთავრობის ენა შეიცვალა, იმედი მაქვს ეს…იმედია, ეს ისტორიული მომენტი განმტკიცდება…

ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაზე მკაფიო ცვლილებაა, რაც აქამდე ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ ის გაგრძელდება დეკემბრამდე, გადაწყვეტილების მიღებამდე. ხელისუფლება შეეცდება აჩვენოს და ეს ძალიან კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს წინსვლა ევროპისკენ მათი მოპოვებულია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იგრძნოს, რომ წინ მივდივართ და რომ მას ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება, იყოს მობილიზებული მომავალი არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს პოლონური მოდელი, რომელიც ძალიან საინტერესოა…

საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან. მიუხედავად მეტნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად. ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები