ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას გასვლა – მიხეილ სარჯველაძე

როგორც ჩანს, გადაწყვეტილია პარტიიდან ნიკა მელიას გასვლა და შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა, – ასე ეხმაურება  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, სააკაშვილს რომ პრინციპი ამოძრავებდეს, ამ განცხადებას ადრე გააკეთებდა.

„მგონი, ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული. ხვდება, რომ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია, პარტიიდან მელიას გასვლა და შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა. დიდი ხანია, მათ პარტიაში ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დასუსტება მიმდინარეობს და მას რომ პრინციპი ამოძრავებდეს, ამ განცხადებას ადრე გააკეთებდა და არა ახლა, როცა პრაქტიკულად გამავალ დერეფანშია მელია. როგორც ჩანს, მისი განცხადება ამით არის განპირობებული. ადამიანი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, სჯობს, ისაუბროს მის ახალ სამშობლოზე, რომლის მოქალაქეა და არა – საქართველოზე. მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება რას ნიშნავს, ეს უკვე ვნახეთ, 2003-2012 წლებში. შესაბამისად, არ მგონია, ქართველი ხალხი მზად იყოს იმ უბედურებას გაუძლოს, რაც ამ ქვეყანაში მისი მმართველობის დროს ტრიალებდა. როგორც ჩანს, მას საკუთარი დამოკიდებულებები დღემდე არ შეუცვლია, ვინ აიღოს პასუხისმგებლობა და ვინ – არა. ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი წყვეტს და არა – სააკაშვილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის,  სააკშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს“.

მსგავსი თემები