ჩრდ. კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი ჭურვი მიაწოდა უკრაინის ომში გამოსაყენებლად

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა უკრაინაში გამოსაყენებლად. ინფორმაციას გამოცემა AFP ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სხდომაზე, სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს (NIS) ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა აგვისტოს შემდეგ რუსეთს იარაღი მინიმუმ 10-ჯერ გაუგზავნა.

“NIS-მა აღმოაჩინა, რომ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი იყო გადატანილი. ანალიზის მიხედვით, ეს საკმარისი იქნება უკრაინაში რუსეთის ომის დაახლოებით ორი თვის განმავლობაში” – განუცხადა კორეის ეროვნული ასამბლეის წევრმა იო სანგ-ბუმმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა რუსეთის რეჟიმს შეიარაღება გაუგზავნა, რამდენიმე კვირის წინ, თეთრმა სახლმაც გაავრცელა. ვაშინგტონის ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეელებმა რუსებს 1000-ზე მეტი კონტეინერით, სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნეს.

ასევე, თეთრი სახლი აცხადებდა, რომ 7 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, იქიდან კი ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში.

 

მსგავსი თემები