ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის(ICN) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს

ქ. ბარსელონაში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც 100-ზე მეტი კონკურენციის და ანტიმონოპოლიური უწყების პირველი პირი ესწრება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მიმოიხილავენ შემდეგ მთავარ საკითხებს: კონკურენციის პოლიტიკის ადვოკატირება და მდგრადობის გაძლიერება, სექტორულ მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობა და გამოწვევები, ICN-ის პრაქტიკა, მიღებული შედეგები და უახლესი ტენდენციები, კონკურენციის უწყებების საქმიანობა, შესაძლებლობები და რისკ-ფაქტორები. ასევე, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები, ეფექტიანი მართვის მექანიზმები და ზეგავლენის შეფასების მეთოდები.  ანტიკარტელური აღსრულება ციფრულ ეპოქაში, კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმები, სასამართლოს როლი და ჩართულობა კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პროცესებში და ა.შ.

ყოველწლიური კონფერენცია  გახსნეს – ICN-ის თავმჯდომარემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტმა, ანდრეას მუნდტმა; ესპანეთის კონკურენციის ეროვნული კომისიის პრეზიდენტმა, კანი ფერნანდესმა; ევროპის კომისიის იუსტიციისა და კონკურენციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელმა, ლინა ხანიმ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ დონეზე მიმდინარეობს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის და საერთაშორისო ორგანიზაციების, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრები. ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ასევე ჩანიშნულია მემორანდუმის გაფორმება საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ხორვატიის კონკურენციის უწყებას შორის.

კონფერენცია ესპანეთის სამეფოში ქ. ბარსელონაში, 2023 წლის 17-20 ოქტომბერს იმართება, რომელსაც ასევე  ესწრება – სააგენტოს  ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე.

მსგავსი თემები