პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განსახვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება გამოქვეყნდა.

მოსამართლეების მიიჩნევენ, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური მანდატი, ასევე პრეზიდენტის მიერ საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე მთავრობის თანხმობის განმსაზღვრელი კონსტიტუციური დანაწესის არსი და მიზანი.

,,ჩვენი კოლეგების მიერ არსებითად არასწორად მოხდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სახელისუფლებო მოწყობის სისტემაში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლისა და დანიშნულების ანალიზი. კერძოდ, დასკვნის სამოტივაციო ნაწილის 24-ე–33-ე პარაგრაფები მიმოიხილავს პრეზიდენტის სტატუსს და შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რა უფლებამოსილებები არ გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს. ბუნებრივია, ვიზიარებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას, არ ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ა.შ., თუმცა აღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად გამორიცხავს საგარეო ურთიერთობების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის მოქმედების შესაძლებლობას და, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსიდან გამომდინარე, არ ანიჭებს მას გარკვეულ როლსა და ფუნქციას. ჩვენი კოლეგების პოზიციიდან არ იკვეთება, თუ რას გულისხმობს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის როლი. დასკვნის ერთიანი ლოგიკა და საკითხის გადაწყვეტა კი ცხადყოფს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად, რასაც, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ. საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას”- ნათქვამია მოსაზრებაში.

ამასთან, მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ისევე, როგორც ყველა სხვა კონსტიტუციური ორგანოს როლი გააზრებული და განმარტებული უნდა იქნეს კონსტიტუციის მთლიანი არქიტექტონიკის, მისი ერთიანი სულისკვეთებისა და ღირებულებების მხედველობაში მიღებით. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააჩნია უმთავრესად ცერემონიული, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანი კონსტიტუციური მანდატი.

,,უპირველეს ყოვლისა, იგი განასახიერებს კონსტიტუციური ხელისუფლების მთლიანობის იდეას, რაც, ასევე ასახვას პოვებს მის ფუნქციებსა და კომპეტენციებში. საქართველოს პრეზიდენტი სიმბოლურად აერთიანებს კონსტიტუციური მოწყობის ფარგლებში (შეკავება-გაწონასწორების პრინციპის მიხედვით) დანაწევრებულ (საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო) სახელმწიფო ხელისუფლებას. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს ერთიანობის გარანტის, კონსტიტუციური ფუნქცია აძლიერებს ხელისუფლების მოქმედების ლეგიტიმურობას, სძენს რა მას მორალურ და ინსტიტუციურ ავტორიტეტს.

აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისა და სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტების ერთმანეთისგან გამიჯვნა ემსახურება მიზანს, სიმბოლურად იყოს განცალკევებული პარტიულ საწყისებზე დაფუძნებული მთავრობა და ბუნებით პოლიტიკურად მიუკერძოებელი სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი. როგორც ერის უპარტიო ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა ასახავდეს და გამოხატავდეს ხალხის საერთო მორალურ ღირებულებებსა და მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისუფალია ყოველდღიური პოლიტიკური თუ ვიწროდ პარტიული დღის წესრიგისგან, მას შეუძლია, რომ შეასრულოს „ერის სინდისის“ ფუნქცია, რაც, მათ შორის, გულისხმობს პოლიტიკური პროცესისგან დავიწყებულთათვის საუბარს, და, შედეგად, საზოგადოების ინკლუზიურობის ხელშეწყობას.

ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტისათვის მინიჭებული როლი უნიკალურია. პოლიტიკური ჯგუფების (სახელისუფლებო ან ოპოზიციური) საქმიანობა ყოველთვის დატვირთული და ნაკარნახევია გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც შესაძლოა, ატარებდეს ერთი ან რამდენიმე ჯგუფის განსხვავებულ ინტერესს. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკურად მიუკერძოებელი უმაღლესი თანამდებობის პირი, ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, საერთო ეროვნული პოზიცია გააჟღეროს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

არსებითად არასწორია საქართველოს პრეზიდენტის როლის დაყვანა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებამოსილებების მექანიკურ აღმსრულებლამდე. საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, პოლიტიკურად მიუკერძოებელ, და ამავე დროს, ფორმალურად უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელსაც კონსტიტუცია ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის როლს ანიჭებს, იმავდროულად აქვს ვალდებულება, იმოქმედოს და ხელი შეუწყოს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევას. ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული ფუნქცია უნდა განახორციელოს სხვა კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციებში შეჭრის გარეშე,”- ნათქვამია მოსაზრებაში.

სამი მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიუთითებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედებით საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დაზიანდა.

,,მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება იწვევს პრეზიდენტის მიერ ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური ინტერესის იმაზე მეტად ხელყოფას, ვიდრე ამას წარდგინების ავტორების მიერ მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია”,  – აცხადებენ მოსამართლეები.

მსგავსი თემები