ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ვეტერანი დიპლომატი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების დრო დგება. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთი კატასტროფული მსოფლიო ომის საფრთხე შემცირდეს. ამის შესახებ კისინჯერმა გამოცემა „სპექტატორთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სამშვიდობო პროცესმა უნდა დააკავშიროს უკრაინა ნატო-სთან, როგორც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს. ნეიტრალიტეტის ალტერნატივას უკვე აღარ აქვს აზრი“, – განაცხადა კისინჯერმა.

მისივე თქმით, თუ დადასტურდება, რომ 2014 წლის სტატუსკვოსთან დაბრუნება შეუძლებელია, მაშინ შესაძლოა, გამოსავალი იყოს რუსეთის მიერ მისაკუთრებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება.

„ახლოვდება დრო, რათა დავეყრდნოთ უკვე წარმოქმნილ სტრატეგიულ ცვლილებებს და მოხდეს მათი ინტეგრაცია ახალა სტრუქტურაში მშვიდობის მოლაპარაკების გზის მისაღწევად“, – აცხადებს კისინჯერი.

ამასთან, ამერიკელი ვეტერანი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთი დაშლის შესახებ ოცნებებმა შეიძლება, ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს.

„რუსეთის დაშლა ან იმ შესაძლებლობის განადგურება, რომ რუსეთმა სტრატეგიული პოლიტიკა გაატაროს, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორია, რომელიც 11 საათობრივ სარტყელს მოიცავს, სადავო ვაკუუმად გადააქციოს. მისმა მოპაექრე საზოგადოებებმა შეიძლება, დავების დარეგულირება ძალადობის გამოყენებით გადაწყვიტონ. სხვა ქვეყნებმა შეიძლება, გააფართოონ პრეტენზიები ძალის გამოყენებით. ყველა ამ საფრთხეს კიდევ უფრო გაამძაფრებს ათასობით ერთეული ბირთვული იარაღი, რომელიც რუსეთს აქვს და რის გამოც ის გახლავთ მსოფლიოში ორი უდიდესი ბირთვული ძალიდან ერთ-ერთია“, – განაცხადა კისინჯერმა.

მსგავსი თემები