თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას, ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში – კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მხარს არ დაუჭერს მმართველი გუნდის წარდგინებას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

მისივე თქმით, როდესაც უკვე სისტემური და გაუსაძლისი სახე და ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ და ძალიან უხეში ფორმა მიიღო კონსტიტუციის დარღვევამ, ამის შემდეგ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის თაობაზე.

„თქვენ თუ არ წარმოადგენთ დადებით დასკვნას ამ წარდგინების თაობაზე, მაშინ გამოდის, რომ მთავრობა აღარ იქნება დაცული მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში და ნებისმიერ დროს პრეზიდენტს ექნება უფლება და ეს ხომ არ არის მარტო დღევანდელი პრეზიდენტის საკითხი, ეს შეიძლება მოხდეს ხუთ,10, 20 წელიწადში, ნებისმიერ დროს. ნებისმიერ პრეზიდენტს ექნება იმის საშუალება, რომ შეიჭრას მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, რასაც ჰქვია ქვეყნის საშინაო და ასევე საგარეო პოლიტიკის განხორციელება. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარდა პოლიტიკურისა, ჩვენ გვქონდა სამართლებრივი მოტივიც, რომ საბოლოო ჯამში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ ეს სისტემა არის საპარლამენტო, რომ ჩვენ საქმე გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება, შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებში. მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, გერმანიის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ეს პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ მხოლოდ საქართველოს მთავრობა ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანუ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შესაბამისად, თქვენს გადაწყვეტილებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, პრეცედენტული დატვირთვა და უფრო მეტიც, განსხვავებული თეორიული ვერსია რომ წარმოვიდგინოთ, საერთოდ თავდაყირა დგება საპარლამენტო მმართველობის სისტემის არსი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს კონსტიტუციით“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები