ჩოხატაურში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ ა.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ჩოხატაურში, სოფელ გოგოლისუბანში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები