ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორზე თავდასხმის საქმეზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე, 65 წლის ოთარ გელაშვილზე ანგარიშსწორების საქმეზე 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთმა პირმა კი მიმალვა მოახერხა და ქვეყანა დატოვა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბრალეულობას არ აღიარებს და ამბობს, რომ გელაშვილს საერთოდ არ იცნობდა.

გამოძიება ჯერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება.

შეგახსენებთ, რომ ოთარ გელაშვილი 1 თვის წინ, გარდაბანში ტყეში მწყემსმა იპოვა. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინ გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, გელაშვილმა გარდაბანში მიწა იყიდა და მისთვის ფულის წართმევა სცადეს, მეორე ვერსიით, კი, ის წილს ფლობდა ერთ-ერთ შპს-ში და პარტნიორებთან კონფლიქტი ჰქონდა.

მსგავსი თემები