„ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი აგენტი ყოფილა“ – სალომე ზურაბიშვილი  

საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე აღნიშნა, ყველაზე დიდი უბედურებააა, რომ ქვეყნის გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა.

„ბატონმა კახამ (კალაძე) მგონი, თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება, თურმე, ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა „ეფესბეს“ თუ „კაგებეს“ აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც ამას დღეს უნდა იძიებდნენ და პასუხისმგებლობა მათზეა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გამოძიება სწორედ საქართველოში უნდა ჩატარდეს.

„გამოძიება აქ არის ჩასატარებელი, აქ არის ის ანგარიშები გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს. ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა.

 

მსგავსი თემები