ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ევროკომისია მუდამ დაიცავს ამ პრინციპს – ლაიენი

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და ევროკომისია მუდამ დაიცავს ამ პრინციპს –  ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოების ყოველ ტალღას თან ახლდა პოლიტიკური კავშირების გაღრმავება და სჯერა, რომ შემდეგი გაფართოებაც უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი.

„ეს პროცესი საჭიროებს მძიმე სამუშაოს და ლიდერობას, თუმცა უკვე ბევრ პროგრესს ვხედავთ. ჩვენ დავინახეთ დიდი წინსვლა, რომელსაც უკრაინამ მიაღწია მას შემდეგ, რაც ჩვენ მას კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ და ვნახეთ სხვა კანდიდატი ქვეყნების შემართება რეფორმების განსახორციელებლად. ახლა დროა, გავაერთიანოთ ეს ძალისხმევა და ეს ნიშნავს ფიქრს იმაზე, თუ როგორ უნდა მივიდეთ სრულყოფილ კავშირამდე. ჩვენ უნდა გავცდეთ ძველ ორაზროვან დებატებს გაფართოებაზე. ეს კითხვა არ ეხება წევრი ქვეყნების ინტეგრაციის გაღრმავებას ან კავშირის გაფართოებას. ჩვენ შეგვიძლია და ორივე უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვძენს გეოპოლიტიკურ ღირებულებას და შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ. და ეს არის, რასაც ჩვენი კავშირი ყოველთვის აკეთებდა. გაფართოების ყოველ ტალღას თან ახლდა პოლიტიკური კავშირების გაღრმავება. ქვანახშირისა და ფოლადის კავშირიდან სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციამდე. რკინის ფარდის დაცემის შემდეგ ჩვენ ეკონომიკური პროექტი ვაქციეთ ხალხისა და სახელმწიფოების ნამდვილ კავშირად. მჯერა, რომ შემდეგი გაფართოებაც უნდა იყოს პროგრესის კატალიზატორი. ჩვენ დავიწყეთ სახლის შენება 27 წევრისგან და მე მჯერა, რომ შეგვიძლია, დავასრულოთ 30-ზე მეტი წევრით. ჩვენ დავიწყეთ თავდაცვითი კავშირის შენება 27 წევრით. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია დავასრულოთ 30-ზე მეტი წევრით, რომ დავამტკიცოთ და ვაჩვენოთ – ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ გეოპოლიტიკური კავშირი და ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ ერთიანები ვართ. ევროპარლამენტი მუდამ იყო ევროინტეგრაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ათწლეულებია, ეს ასეა. და ახლაც ასეა.

მე ყოველთვის დავუჭერ მხარს ევროპარლამენტს და ყველას, ვისაც სურს ევროკავშირის რეფორმირება, რათა მან უკეთ იმუშაოს მოქალაქეებისთვის, და დიახ, მათ შორის ეს ნიშნავს ევროპული კონვენციებისა და ევროკავშირის შეთანხმების შეცვლას თუ და სადაც ეს საჭიროა. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა დაველოდოთ ევროკავშირის შეთანხმების ცვლილებას, რათა წინ წავიწიოთ გაფართოების საკითხში. ევროკავშირის გაფართოებისთვის მზადყოფის მიღწევა უფრო სწრაფადაც შეიძლება. ეს ნიშნავს პრაქტიკული კითხვების გაცემას, თუ როგორ იმუშავებს 30-ზე მეტი წევრისაგან შემდგარი კავშირი და კერძოდ, ეს ეხება ჩვენს შესაძლებელობას, ვიყოთ ქმედითები. კარგი ამბავი ისაა, რომ ყოველი გაფართოებისას, ისინი, რომლებიც ამბობდნენ, რომ გაფართოება ევროკავშირს ნაკლებად ეფექტურს გახდიდა, არასწორები აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები