სევასტოპოლში, სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – მედია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანექსირებულ სევასტოპოლზე ღამით თავდასხმა მოხდა ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უეკიპაჟო კატერებით.

მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სევასტოპოლში სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე.

სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოჟაევის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა. რაზვოჟაევის თქმით, 24 დაზარალებულიდან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„მე ვარ ხანძრის ადგილზე სევმორზავოდის სამხრეთ უბანზე. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს, ქალაქში სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება“, – წერს რაზვოჟაევი ტელეგრამის არხზე.

სევასტოპოლიდან სოციალური მედიის მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სულ მცირე სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.

მსგავსი თემები