რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა – ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებ მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ყველა ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობისთვის, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს.

,,მთავარი მინდა ვთქვა, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები, რათა მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩენება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები