,,შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია.

,,შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების”,- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.

დღეს კი ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

მსგავსი თემები