,,კომიტეტზე რუსული კანონი პროცედურის დარღვევით დამტკიცდა” – ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციიდან ,,ევროპელი სოციალისტების” გარდა არავინ ესწრებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, რომელიც სულ ერთ წუთს გაგრძელდა და სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

,,დღეს მესამე მოსმენით კომიტეტზე დამტკიცება მოხდა ყველა პროცედურის დარღვევით, არალეგიტიმულ ველში გადავიდა ხელისუფლება, ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ”, – ამბობს “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი.

ევროოპტიმისტების წარმომაგენელი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლიციამ ისინი ჯერ გარეთ შეაყოვნეს, შემდეგ კი ვერ მოასწრეს სხდომაზე შესვლა, რადგან ის ერთ წუთში დასრულდა.

,,ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომლებზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ შევიდა კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი და იქ რამდენიმე ადამიანს ვითომ ლეგიტიმაცია მიანიჭეს”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

,,ჩვენ დაგვაყოვნეს, ოპოზიციონერი დეპუტატები, შემოიყვანეს რობოკოპების მეშვეობით ქართული ოცნების დეპუტატები და 9 საათზე ჩანიშნული სხდომა დასრულდა 09:02 საათზე. კენჭისყრა არ ვიცი როგორ მოასწრეს. ამ პირობებში, რუსული რეჟიმის პირობებში ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღეს ეს უკანონო კანონი და იურიდიულმა კომიტეტმა ხელი მოაწერა ამაზე, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაზე”, – თქვა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები