,,ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში” – ილია დარჩიაშვილი

,,უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ორ ხალხს შორის გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები”. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

„შეხვედრის დროს განხილული იყო ძალიან ფართო სპექტრი თანამშრომლობის, ის მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების აუცილებლობა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი, დროული იყო და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ უკვე არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები