სტუდენტური პროტესტის კვირეული დღე #2 – 18:00 საათზე ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან

სტუდენტების პროტესტი გრძელდება. დღეს, 21 მაისს, 18:00 საათზე ახალგაზრდები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.

სტუდენტური პროტესტის კვირეული პირველ დღეს, 20 მაისს, აქციის მონაწილეები წერეთლის მეტროსთან ან სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით სააკაძის მოედანზე მივიდნენ, ბოლოს კი პარლამენტთან “ოცნების” წევრებს წინდა დაუტოვეს:

,,ქართულ ოცნებას წინდა დავუტოვეთ. ცნობისთვის, ჰარი პოტერში ელფისთვის ტანსაცმლის ჩუქება მონობისგან გათავისუფლებას ნიშნავს. სწორედ წინდის ჩუქებით გაათავისუფლა პოტერმა დობი მონობისაგან.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს მონობა!”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამ აქციისა, დღეს ,,დაფიონმა” პარლამენტის წინ შეკრება დააანონსა. აქციის მონაწილეები იქ 15:00 საათიდან მივლენ, შემდეგ კი მსვლელობას გამართავენ.

დღეს 10:00 საათიდან დაიწყება ,,დილის მარში”, რომელსაც სტუდენტები და მოსწავლეები მართავენ. პროტესტს სამხატვრო აკადემიის, თეატრალური უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის სტუდენტები უერთდებიან. ისინი რუსთაველის მეტროდან კულტურის სამინისტროსკენ მსვლელობით გაემართებიან.

მსგავსი თემები