ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ვიდრე საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიის სამკურნალო სრულყოფილი ცენტრი იქნება, ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი.

„მოგეხსენებათ, წელს და წინა წელს აქტიური მუშაობა გვქონდა დაწყებული ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით. ვიდრე ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება იქნება, მსოფლიოს სამ ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა შესაბამისი ფასთკვლევა, გამოკითხვები. სამწუხაროდ, საშუალოდ სამასამდე ბავშვია ყოველწლიურად, რომელიც სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, სრულყოფილად დავაფინანსოთ მათი მკურნალობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში. ტექნიკური დეტალებია დარჩენილი. ვფიქრობ, თვის ბოლომდე უკვე დაკონტრაქტებული იქნება და შესაბამისად, მომდევნო თვიდან მკურნალობის შესაძლებელი იქნება. ბიუროკრატია დაკავშირებული იყო სხვადასხვა ტექნიკურ შეთანხმებასთან, რის გამოც დაახლოებით თვე-ნახევარი დაგვჭირდა“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები