„ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“ – შსს პრაიდ-ფესტივალზე

ლისის ტბაზე, სადაც „პრაიდის“ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშრებით  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, „პრაიდის“ მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდა.

„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებული. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ქონდათ უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინათ თავისი მანდატი, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების. გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან, ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შეეღწიათ, გაერღვიათ პოლიციის კორდონები.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს, რათა მოხდეს ვითარების სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.

დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსმალური რაოდენობა, რაც შეიძლება, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, ყველა აქციაზე შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იქნას უზრუნვლეყოფილი და მთლიანად იყოს დაცული განსაკუთრებით როცა საუბარია გაშლილი ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკებზე თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით. ხედავთ, რომ კონტრაქციის მონაწილეების დიდი რაოდენობა მოვიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ, რომელიც ლისის ტბის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო.

 

 

მსგავსი თემები