საჯარო ბოდიში და 15-15 ლარი მორალური ზიანისთვის – გრიგორიადისი პრემიერს და ირაკლი კობახიძეს უჩივის

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ  მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ღარიბაშვილისა და კობახიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს.

,,თავად ლაზარესთან ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ეს სარჩელი სასამართლოში შეტანილი აუცილებლად უნდა იყოს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ. თავიანთი ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო სამოქალაქო წესით პასუხი აგონ. ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ სიმბოლური თანხა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, 15-15 ლარის ოდენობით დაეკისროთ. ასევე, რაც მთავარია, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ და რომელი საინფორმაციო არხებითაც გავრცელდა ეს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამები, სწორედ მათი საშუალებით გავრცელდეს მათი მობოდიშება ლაზარეს მიმართ”,- განაცხცადა ალეკო ცქიტიშვილმა.

მსგავსი თემები