სახელმწიფო პენსიების შეჩერება შეწყვეტაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიზანი სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასებაა.

კომიტეტის წინა სხდომაზე მოქალაქემ დეპუტატებს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ეხებოდა.

საკანონმდებლო წინადადების ავტორი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო პენსიის შეჩერებასთან (პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა) და შეწყვეტასთან (პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ) დაკავშირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგულაციები კონსტიტუციით გათვალისწინებულ საკუთრების უფლებას ეწინააღმდეგებოდა და კანონში ცვლილებების განხორციელებას ითხოვდა.

„ამ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობისას გამოიკვეთა სახელმწიფო პენსიის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროების შეფასების და ამ მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხები“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

სამუშაო ჯგუფს კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს.

 

მსგავსი თემები