მანქანები, რომელიც ევრო 5-ის ნორმებს არ აკმაყოფილებს, საქართველოში ვერ დარეგისტრირდება

სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი  იზღუდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას. რეგისტრაცია (იმპორტი) დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც შემოღებულია ევრო 5 და უფრო მაღალი სტანდარტი.

„ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო ავტომობილებს (მათ შორის ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს) და მსუბუქ და მძიმე სატვირთო საავტომობილო საშუალებებს (ანუ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიის ავტომობილების პირველად და დროებით რეგისტრაციას). რეგულაცია მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსა და აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანაში. ამ რეგულაციის შემოღება კიდევ უფრო დაახლოვებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.  რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლიდან.

 

მსგავსი თემები