მთავრობის ანგარიშს პრემიერი პარლამენტს 30 ივნისს წარუდგენს 

საქართველოს მთავრობის ანგარიშში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტს 30 ივნისს წარუდგენს, ერთ-ერთი მიმართულება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაა. დოკუმენტის მიხედვით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. დოკუმენტს დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ, შემდეგ კომიტეტებში განიხილება და 30 ივნისს კი პარლამენტის სხდომაზე, როცა პრემიერი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად პარლამენტში მივა.

„გასული წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. მოკავშირეებმა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს მადრიდის სამიტზე დამტკიცებული საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია  ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებზე.

„2023 წლის 17-19 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. კონფერენციის ერთ-ერთი პანელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა. გაიმართა ისტორიული პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი) და ეუთო-ს გენერალური მდივანი.

2023 წლის 25 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის საკითხები. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს უმაღლეს დონეზე დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

მსგავსი თემები