პარლამენტი მთავრობის მუშაობის წლიური ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტს დღეს საპარლამენტო ბიუროს წარუდგენენ. დოკუმენტში ერთ-ერთი მიმართულება ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯებია.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა.
ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რომელიც კანდიდატის სტატუსთან გვაახლოებს.
„2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას ავსებს და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით ექვსი მიმართულებიდან სამში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია – ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი.
საქართველომ ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად, ევროკავშირს გადასცა გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების სტრუქტურის (35 თავი) მიხედვით, წლის განმავლობაში ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოაქვეყნებს ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციას ევროპული საბჭოსთვის, რომელმაც წლის ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.
მთავრობის ანგარიშით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაში. ასევე, საუბარია, რომ ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა.
„ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო ტენდერებში. გრძელდება მუშაობა ქართული პროდუქციისთვის ევროპულ ბაზრებზე შესვლისთვის კონკრეტული აქტივობების განხორციელების მიზნით, მათ შორის აღსანიშნავია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების მიზნით მიმდინარე სამუშაოები“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს 30 ივნისს წარუდგენს, როცა მთავრობა პარლამენტში მივა.