,,პუტინმა „ქართული ოცნება“ ტყუილში ამხილა”- თინა ბოკუჩავა

”ნაციონალური მოძრაობაში” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანებიან და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მისვლას ითხოვენ.

პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ძალიან მწვავე კითხვებია საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან.

„რუსეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ ამხილა ტყუილში, როდესაც მან განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება თავად ითხოვდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არწმუნებდა მოსახლეობას, რომ არანაირი მოლაპარაკება მტერთან არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ ვითარებაში ძალიან მწვავე კითხვებია საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, იყო ეს ერთი პირი თუ პირთა წრე. საზოგადოებამ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა იცოდეს. ასევე კითხვაა, რა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ სანაცვლოდ, რა დათმო ხელისუფლებამ, კიდევ რა საკითხები განიხილებოდა. მაგალითად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს პასუხები. რეგლამენტის მიხედვით, პირველ ივნისამდე მან უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში და ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს მყისიერად. მისი ანგარიში აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავსვით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პუტინის მტკიცებით,  საქართველოს ხელისუფლებამ „არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ“.

მსგავსი თემები