,,ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა.
„ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ თურმე, სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის აქ ყოფნა სასურველი, როცა ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს და როცა პრეზიდენტი იწვევს არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ ყველას, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება, რაღაცას მივაღწიოთ კიდეც. იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმის დაცვა, რომ ჩვენი ერთადაერთი და უალტერნატივო მომავალი არის ევროპა, აბა, სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. აქედან წასვლის ირჩევენ ევროპას და მე მინდა, აქ ამოირჩიონ ევროპა, აქ მივიღოთ ევროპიდან ის, რაც გვინდა, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო. უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორადის გამიჯვნა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არ აღრევა, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმის და სიძულვილის დაძლევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.