,,რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია”- ალეკო ელისაშვილი

,,რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია” – ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის მოადგილედ, მისი დისშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ნათია ჯულაყიძე დამოუკიდებელი ადამიანი და თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია.

,,ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე და არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. რაც შეეხება ჩემს დისშვილს, ჯერ ერთი, რომ დამოუკიდებელი ადამიანია, თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და პროფესიონალია.

რა ვქნა ახლა, ჩემი დისშვილია, ასე გადაწყდა ბუნებაში. სიმართლე გითხრათ, იქ რომ წავიდა, მე ყველაზე მეტად დამწყდა გული, იმიტომ რომ ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა და ებარა რამე, იყო ნათია. ჩემი დისშვილი რატომ უნდა დაიჩაგროს იმის გამო, რომ ჩემი დისშვილია. მილიონი ნათესავი მყავს, არასდროს არავისთვის რეკომენდაცია არსად არ გამიწევია, არასდროს არავინ არსად არ დამინიშნავს, მათ შორის, ჩემი დისშვილი.

დაუძახეთ ჩემს დისშვილს, კითხეთ სად უსწავლია, რა კვალიფიკაცია, ცოდნა აქვს, საქართველოში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა, უცხოეთში სად სწავლობდა, როგორ სწავლობდა. არ მინდა ახლა, ბიძია ენაცვალოს და რაღაცები დავიწყო, ჩემი დისშვილი რომ არის და პროფესიონალი რომ არის, აი რა? არ უნდა ჰქონდეს არანაირი გასაქანი ცხოვრებაში? აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სხვა დისშვილიც მყავს და მილიონი ნათესავიც მყავს, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღის წინ რომ მელაპარაკა, მე ვუთხარი, რომ შენი გადასაწყვეტია მეთქი”, – განაცხადა ელისაშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში.

ლევან იოსელიანის მოადგილედ ალეკო ელისაშვილის დისშვილი დაინიშნა

მსგავსი თემები