„არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება“ – კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე – „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები.

„პრეზენტაციის დასაწყისში ვისაუბრე იმ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა თუ უბანში ხდებოდა – როდესაც რეკრეაციული და სპორტული მოედნების ხარჯზე, საცხოვრებელი კორპუსების, საოფისე სივრცეების მშენებლობა ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შევთანხმდით, სამშენებლო კომპანიებს ავუხსენით ჩვენი დამოკიდებულება, გვქონდა არაერთი შეხვედრა ცვლილებებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით და დღეს ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ რეკრეაციული სივრცეების განადგურება. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანი მიდგომა და დამოკიდებულებაა ის, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები, ასევე, მოვუაროთ სპორტულ მოედნებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ასევე, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა მიიღო.

მსგავსი თემები