“პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, პატარა პარტიებს” – ირაკლი ზარქუა

მე პირადად ვგულშემატკივრობ პატარა პარტიებს, რომელთაც უნდა შემოიტანონ განსხვავებული ხედვა, რაც ამომრჩეველმა დაუკვეთა, რას იზამენ, როგორ იზამენ ეს მათი არჩევანია, თუმცა მგონია, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ მათ, რომ უფრო მრავალხმიანობა იყოს პარლამენტში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიაში ხმები ორად არის გაყოფილი, პარტიის წევრთა ნაწილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებას ემხრობა, ნაწილი კი ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

„თქვენ იცით, რომ დღეს უმრავლესობა ვიკრიბებით პარტიულ ოფისში იმისთვის, რომ საბოლოო შეჯერებული პოზიცია მივიღოთ. იცით, რომ ორად არის გაყოფილი უმრავლესობაში აზრი, ნაწილი ემხრობა შეწყვეტას, ნაწილი გაგრძელების მომხრეა. ზოგადად, პირადად ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ, განსაკუთრებით, იმ პატარა პარტიებს, რომ თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში. ამის მომხრე ვართ, იმიტომ, რომ ჯერ ერთი იცით, რომ პარლამენტი უკვე მრავალფეროვანი გახდა, დღეს კიდევ დამატებით გახდება მრვალფეროვანი, თუმცა ის პატარა პარტიები, რომლებსაც ხმა მისცა ამომრჩეველმა, ჩემთვის პირადად უფრო საინტერესოა, რომ მათი წარმომადგენლები იყვნენ პარლამენტში და არა ვთქვათ რადიკალური ოპოზიცია. ისინი ვიცით რას წარმოადგენენ და როგორ,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, დღეს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ.

მსგავსი თემები