ზელენსკიზე დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე მისივე დაცვის ორი წევრი დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე კიევში მისივე დაცვის ორი წევრი დააკავეს. ორ პოლკოვნიკს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას და ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადებას ედავებიან.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზელენსკიზე თავდასხმა გუშინ აღკვეთა. მათივე ცნობით, ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაციას კრემლი პუტინის ინაუგურაციის დღეს გეგმავდა.

,,ახლა ბრძოლის ყველაზე ცხელი წერტილები, პოკროვსკი, კურახოვე, კრამატორსკი, ლიმანი, ვრემივკა და კუპიანსკის მიმართულებებია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მეომრები და შევმატოთ უკრაინას ბრძოლის უნარი.

ვაგრძელებთ მზადებას ივნისში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთვის. ჩვენი მხრიდან ყველა დეტალი 100%-ით იქნება შესრულებული. უკრაინამ თავისი ვალდებულებები შეასრულა და პარტნიორებისგან იგივე პროდუქტიულ ჩართულობას ელის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას და ყველას, ვინც ეფექტურად და დროულად გვეხმარება!”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები