„გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე“ – ლევან დავითაშვილი დონორთა კონფერენციაზე

  •  

„მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე. შემუშავდა მიწასთან დაკავშირებული  კანონმდებლობა. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და  ვფიქრობ, დონორების მხარდაჭერით, შედეგები  კიდევ უფრო ხელშესახები  და მასშტაბური იქნება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით,  ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად მუშაობენ, ტყის მართვაა.

„ტყესა და ტყის რესურსს  საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შევიმუშავეთ ტყის ახალი კოდექსის კანონპროექტი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპების შესაბამისად, ქმნის სამართლებრივ საფუძველს ტყის მართვის პრაქტიკის მოდერნიზებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, განახლების და  ტყით სარგებლობის კუთხით. საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის, სასათბურე აირების ემისიების შემცირებაზე“ – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა მიწის რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ხელშეწყობისთვის. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სოფლად ადგილობრივი თემების განვითარების და ექსტენციის სამსახურების გაძლიერების მიმართულებით.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი   ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მსგავსი თემები