“საქართველომ ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი” – კელი დეგნანი

“მოუთმენლად ველოდები, დავეხმარო საქართველოს, საელჩოს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, რომ მიაღწიოს თავის ხედვას, რომელიც სტაბილურ, აყვავებულ და უსაფრთხო საქართველოს გულისხმობს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

„გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ჩამოვედი. ჩემთვის პატივია, ვიმსახურო აშშ-ის ელჩად საქართველოში და მოუთმენლად ველოდები იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვთ. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მშენებლობაში, ეკონომიკის დევირსიფიცირებაში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს უნარიანობის გაძლიერებაში, დაიცვას საკუთარი საზღვრები და მოქალაქეები. ვფიქრობ, საქართველომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს ბოლო წლებში და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი, დეკემბერში დაამტკიცა. კელი დეგნანმა ფიცი მიმდინარე წლის 17 იანვარს დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

მსგავსი თემები